logo
ENG



"ცენზურის დაკანონება" - რუხაძის თქმით, მარეგულირებელი მთავარი არხის დაჯარიმებას ცდილობს

25 ნოე 202114:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/25/gqulilwc1kxu79e.png

აქტივისტის ნოდარ რუხაძის განცხადებით, მარეგულირებელი კომისია ცდილობს დააჯარიმოს მთავარი არხი, რომელმაც სირცხვილიას ვიდეორგოლი განათავსა. საუბარია ვიდეოზე, რომელშიც ქართული ოცნების წევრების გამოსახულებით იქმნება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პორტრეტი. 

სირცხვილიაში ამბობენ, რომ ხსენებული ვიდეორგოლით ისინი ქვეყნის შეცვლილ საგარეო კურსს და ქვეყნის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ. 

"მარეგულირებელი კომისია ცდილობს დააჯარიმოს მთავარი არხი ვიდეორგოლისთვის, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამ დაამზადა და ტელეარხს საეთერო ბადეში განთავსება სთხოვა. ამ რგოლში, ქართული ოცნების წევრების გამოსახულებებით იქმნება ვლადიმერ პუტინის პორტრეტი. აღნიშნული გამოსახულებით, ჩვენ ვაპროტესტებთ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას. ვაპროტესტებთ ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას, რომელიც კრემლის ინტერესებს ემსახურება და ვცდილობთ მოქალაქეთა ინფორმირებას.

მთავარი არხის სანქცირების მცდელობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია; ჩვენ ვხედავთ ცენზურის დაკანონებისა და ზოგადად, კრიტიკული აზრის შეზღუდვის მორიგი მცდელობას. ანუ იმას, რასაც ვიდეორგოლით ვაპროტესტებთ. სხდომა ერთ საათში დაიწყება", - წერს ნოდარ რუხაძე. 


close დახურვა